ქსელური ინსტალაცია

დაშორებული ქსელური ინსტალაცია
როდესაც ოპერაციული სისტემა მრავალ კომპიუტერზე უნდა დაინსტალირდეს, გავრცელებული მეთოდია დაშორებული ქსელური ინსტალაცია. ამ მეთოდის გამოყენებისას ოპერაციული სისტემის საინსტალაციო ფაილები სერვერზე ინახება; კლიენტი კომპიუტერი დაშორებულ ფაილებს მიმართავს ინსტალაციის დასაწყებად. Remote Installation Services (RIS, დაშორებული ადგილიდან ინსტალაციის სერვისები) და სხვა ასეთი პროგრამული პაკეტები გამოიყენება კლიენტთან კომუნიკაციისთვის, საინსტალაციო ფაილების შესანახად, კლიენტისთვის ამ ფაილებთან წვდომის ინსტრუქციების გასაცემად, ფაილების ჩამოსატვირთად და ოპერაციული სისტემის ინსტალაციის დასაწყებად.
ვინაიდან კლიენტ კომპიუტერზე ოპერაციული სისტემა დაინსტალირებული არ არის, ამ კომპიუტერის ჩატვირთვას, ქსელთან დაკავშირებას და სერვერთან კომუნიკაციას ინსტალაციის დასაწყებად, სპეციალური გარემო სჭირდება. აღნიშნული გარემო ცნობილია Preboot Execution Environment-ის (PXE, დაშორებული ადგილიდან ჩატვირთვის გარემო) სახელით. PXE იმუშავებს, თუ ქსელის ბარათს აქვს მისი მხარდაჭერა. აღნიშნული ფუნქცია შეიძლება იყოს BIOS-ის ან ქსელის ბარათის ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფის (firmware) ნაწილი. როდესაც კომპიუტერი ირთვება, ქსელის ბარათი PXE-ის გასაშვებად სპეციალურ ინსტრუქციებს უსმენს ქსელში, როგორც ეს პირველ სურათზეა ნაჩვენები.
შენიშვნა: თუ ქსელის ბარათს არ აქვს PXE-ის მხარდაჭერა, მაშინ შემნახველი მოწყობილობიდან PXE-ის ჩატვირთვისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ მესამე-მხარის (third-party) პროგრამული უზრუუნველყოფა.
ავტომატური ინსტალაცია
ავტომატური ინსტალაცია (Unattended installation) ქსელური ინსტალაციის კიდევ ერთი მეთოდია, როდესაც ვინდოუსის ინსტალაცია ან განახლება მომხმარებლის ნაკლები ჩარევით ხდება. ვინდოუსის ავტომატურ ინსტალაციას საფუძვლად უდევს ე.წ. „პასუხების ფაილი“. აღნიშნულ ფაილში ინახება მარტივი ტექსტი, რომელიც ვინდოუსის ინსტალატორს ოპერაციული სისტემის კონფიგურირების და ინსტალაციის ინსტრუქციებს აძლევს.
ვინდოუსის დაუსწრებელი ინსტალაციის მიზნით აუცილებელია setup.exe ფაილის გაშვება “პასუხების ფაილში” შენახული პარამეტრებით. ინსტალაცია ჩვეულებრივად იწყება, თუმცა ინსტალატორი მომხმარებელს კი არ სთავაზობს ჩარევას, არამედ “პასუხების ფაილში” შენახული ინსტრუქციებით ხელმძღვანელობს.
ვინდოუს 7-ის ან ვისტას სტანდარტული საინსტალაციო პროცედურის შესაცვლელად გამოიყენება System Image Manager(SIM, ვინდოუსის ინსტალაციის დისპეჩერი), რომელიც ქმნის ინსტალაციის “პასუხების ფაილს”. „პასუხების ფაილებს” შეიძლება დაემატოს პროგრამები, დრაივერები და სხვა პაკეტები.
მე-2 სურათზე ნაჩვენებია პასუხების ფაილის ნიმუში. ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ ფაილი ინახება სერვერზე განთავსებულ, სადისტრიბუციო, გაზიარებულ საქაღალდეში. ამის შემდეგ ორი არჩევანი გაქვთ:
- – მყარი დისკის მომზადებისა და ოპერაციული სისტემის ქსელური სერვერიდან ინსტალაციისთვის, კლიენტ კომპიუტერზე გაუშვათ unattended.bat ფაილი.
- – შექმნათ კომპიუტერის ჩამტვირთავი დისკი, რომელიც დაუკავშირდება სერვერზე განთავსებულ, სადისტრიბუციო, გაზიარებულ საქაღალდეს. ამის შემდეგ გაუშვებთ batch(პაკეტური)-ფაილს, რომელიც შეიცავს ოპერაციული სისტემის ქსელური ინსტალაციისთვის საჭირო ინსტრუქციებს.
შენიშვნა: ვინდოუს SIM-ი გახლავთ Windows Automated Installation Kit-ის (AIK, ვინდოუსის ავტომატური ინსტალაცია) ნაწილი და შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მაიკროსოფტის ვებსაიტიდან.