ფაილური სისტემები (File Systems)

ოპერაციული სისტემის ახლიდან ინსტალაციის პროცესში, დისკი თითქოს სრულიად ახალია.  სამიზნე განყოფილებაზე არ ნარჩუნდება არსებული ინფორმაცია.  ინსტალაციის პირველ ეტაპზე ხდება მყარი დისკის განყოფილებებად დაყოფა და დაფორმატება.  ამ პროცესის შემდეგ დისკი მზად არის ახალი ფაილური სისტემის მისაღებად.  ფაილური სისტემა ქმნის დირექტორიების სტრუქტურას, სადაც ხდება მომხმარებლის ოპერაციული სისტემების, პროგრამების, საკონფიგურაციო ინფორმაციის და მონაცემების შენახვა.  ფაილური სისტემები განსხვავებულია და თითოეულს საკუთარი სტრუქტურა და ლოგიკა აქვს.  ფაილური სისტემები სისწრაფით, მოქნილობით, უსაფრთხოებით,  ზომითა და ბევრი სხვა პარამეტრით განსხვავდება.  ქვემოთ ჩამოთვლილია ხუთი ყველაზე გავრცელებული ფაილური სისტემა:

  • FAT32 (32-ბიტიანი ფაილების განლაგების ცხრილი, File Allocation Table, 32 bit) – მხარს უჭერს 2 ტერაბაიტამდე ანუ 2048 გეგაბაიტამდე მოცულობის განყოფილებებს.  FAT32 ფაილურ სისტემას იყენებს ვინდოუს XP და ვინდოუსის შედარებით ძველი ვერსიები
  • NTFS (ახალი ტექნოლოგიის ფაილური სისტემა, New Technology File System) – თეორიულად მხარს უჭერს 16 ექსაბაიტამდე მოცულობის განყოფილებებს.  NTFS-ს გააჩნია ფაილური სისტემის უსაფრთხოების ფუნქციები და სხვა დამატებითი ატრიბუტები.  ვინდოუს 8.1, ვინდოუს 7 და ვინდოუს ვისტა ავტომატურად ქმნიან განყოფილებას, მთელი მყარი დისკის ზომის გამოყენებით.  თუ მომხმარებელი არ შექმნის მასზედ მორგებულ განყოფილებებს New (ახალი)ბრძანებით, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები, სისტემა განყოფილებას დააფორმატებს და დაიწყებს ვინდოუსის ინსტალაციას. თუ განყოფილებას მომხმარებელი ქმნის, მაშინ ის მიუთითებს განყოფილების მოცულობას.
  • exFAT (FAT 64) – დაძლეულია FAT, FAT32 და NTFS ფაილური სისტემების შეზღუდვები USB ფლეშ-დისკების დაფორმატებისას, როგორიც არის ფაილის და დირექტორიის მაქსიმალური მოცულობა.  exFAT-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა გახლავთ 4 გეგაბაიტზე დიდი მოცულობის ფაილების მხარდაჭერა.
  • CDFS (კომპაქტ დისკების ფაილური სისტემა, Compact Disc File System) – გამოიყენება კონკრეტულად ოპტიკური დისკებისთვის.
  • NFS (ქსელური ფაილური სისტემა, Network File System) – NFS გახლავთ ქსელური ფაილური სისტემა, რომელიც ფაილებს ხელმისაწვდომს ხდის ქსელში.  მომხმარებლის თვალთახედვით, ლოკალურ კომპიუტერში ან ქსელში ჩართულ სხვა კომპიუტერში შენახული ფაილი ერთნაირად ხელმისაწვდომია.  NFS ღია სტანდარტია და ნებისმიერს შეუძლია მისი გამოყენება.

სწრაფი და სრული ფორმატირების შედარება

სწრაფი დაფორმატების შედეგად განყოფილებიდან ფაილები იშლება, თუმცა დისკი დაზიანებულ სექტორებზე არ მოწმდება.  დაზიანებული სექტორების შემოწმება დაგვიცავს მომავალში მონაცემების დაკარგვისაგან.  აქედან გამომდინარე, ნუ გამოიყენებთ სწრაფი დაფორმატების ფუნქციას ადრე დაფორმატებული დისკებისთვის.  განყოფილების ან დისკის სწრაფი დაფორმატება ოპერაციული სისტემის დაინსტალირების შემდეგაც არის შესაძლებელი, თუმცა ვინდოუს 8.1-ის, ვინდოუს 7-ის ან ვინდოუს ვისტას დაინსტალირების პროცესში სწრაფი დაფორმატების ფუნქცია გაუქმებულია.

სრული დაფორმატების შედეგად განყოფილებიდან ფაილები იშლება და ამავდროულად, დისკი დაზიანებულ სექტორებზე მოწმდება. სრული დაფორმატება სჭირდება ყველა ახალ მყარ დისკს.  ამგვარ დაფორმატებას მეტი დრო სჭირდება.