ოპერაციული სისტემების ძირითადი ფუნქციები

როგორი ზომისა და სირთულისაც არ უნდა იყოს კომპიუტერი თუ ოპერაციული სისტემა, ნებისმიერი ოპერაციული სისტემა ასრულებს ოთხ ძირითად ფუნქციას:
- აპარატურასთან წვდომის კონტროლი
- ფაილებისა და საქაღალდეების მართვა
- სამომხმარებლო ინტერფეისის უზრუნველყოფა
- პროგრამების მართვა
აპარატურასთან წვდომა
ოპერაციული სისტემა მართავს პროგრამებსა და აპარატურულ უზრუნველყოფას შორის ურთიერთქმედებას. თითოეულ აპარატურულ კომპონენტთან წვდომისა და კომუნიკაციისთვის, ოპერაციული სისტემა იყენებს მოწყობილობის დრაივერად წოდებულ პროგრამას. როდესაც მოწყობილობა დამონტაჟებულია, ოპერაციული სისტემა ეძებს და აინსტალირებს შესაბამის დრაივერს. სისტემური რესურსების მინიჭება და დრაივერების ინსტალაცია ხორციელდება plug-and-play (PnP) (ავტომატური გამართვის რეჟიმი) პრინციპით. ამის შემდეგ ოპერაციული სისტემა აკონფიგურირებს მოწყობილობას და ანახლებს რეგისტრს, რომელიც გახლავთ მონაცემთა ბაზა, სადაც ინახება სრული ინფორმაცია კომპიუტერის შესახებ.
თუ ოპერაციულმა სისტემამ ვერ მოძებნა მოწყობილობის დრაივერი, ტექნიკოსმა ხელით უნდა დააინსტალიროს ის, მოწყობილობის თანმხლები ინფორმაციის მატარებლიდან ან ჩამოტვირთოს დრაივერი მწარმოებლის ვებსაიტიდან.
ფაილებისა და საქაღალდეების მართვა
ოპერაციული სისტემა მონაცემების შესანახად ქმნის ფაილურ სტრუქტურას მყარ დისკზე. ფაილი ეწოდება შეკავშირებული მონაცემების ბლოკს, რომელსაც ერთი სახელი აქვს და რომელიც მუშავდება როგორც ერთი სტრუქტურული ერთეული. პროგრამისა და მონაცემების ფაილები თავს იყრის დირექტორიაში. ფაილები და დირექტორიები ისეა დალაგებული, რომ მათი მოძიება და გამოყენება გამარტივდეს. დირექტორიები თავის მხრივ შეიძლება შეინახოს სხვა დირექტორიებში. სხვა დირექტორიაში განთავსებულ დირექტორიას ქვედირექტორია ეწოდება. ვინდოუსის ოპერაციულ სისტემაში დირექტორიას ეწოდება საქაღალდე, ხოლო ქვედირექტორიას – ქვესაქაღალდე.
სამომხმარებლო ინტერფეისი
მომხმარებელი ოპერაციული სისტემის მეშვეობით ურთიერთქმედებს პროგრამულ და აპარატურულ უზრუნველყოფასთან. ოპერაციული სისტემა საკუთარ თავში მოიცავს ორი სახეობის სამომხმარებლო ინტერფეისს:
- ბრძანებათა სტრიქონის ინტერფეისი (CLI) – მომხმარებელი სტრიქონებად წერს ბრძანებებს, როგორც ეს ნაჩვენებია პირველ სურათზე.
- გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისი(GUI)-მომხმარებელი იყენებს მენიუებსა და პიქტოგრამებს, როგორც ეს ნაჩვენებია მე-2 სურათზე.
სამომხმარებლო პროგრამების მართვა(Application Management)
ოპერაციული სისტემა ეძებს პროგრამას და ტვირთავს მას კომპიუტერის ოპერატიულ მეხსიერებაში. აპლიკაციები გახლავთ სამომხმარებლო პროგრამები, როგორებიც არის ტექსტური რედაქტორები, მონაცემთა ბაზები, ცხრილები და თამაშები. ოპერაციული სისტემა პროგრამების გასაშვებად გამოყოფს ხელმისაწვდომ სისტემურ რესურსებს.
პროგრამისტები იყენებენ აპლიკაციების პროგრამირების ინტერფეისის (Application Programming Interface (API)) სახელით ცნობილ გაიდლაინებს, რათა ახალი აპლიკაცია ნამდვილად თავსებადი იყოს ოპერაციულ სისტემასთან. API-ის მეშვეობით პროგრამები ოპერაციული სისტემის მიერ მართულ რესურსებს თანმიმდევრულად და საიმედოდ იყენებენ. ქვემოთ ჩამოთვლილია API-ის რამდენიმე მაგალითი:
- Open Graphics Library (OpenGL) – ღია გრაფიკული ბიბლიოთეკა -პლატფორმათაშორისი სტანდარტული სპეციფიკაცია მულტიმედიური გრაფიკისთვის.
- DirectX -მაიკროსოფტის ვინდოუსში მულტიმედიური ამოცანების შესრულებისთვის საჭირო API-ების კრებული.
- ვინდოუსის API – მისი მეშვეობით ვინდოუსის ძველი ვერსიის პროგრამები მუშაობენ ახალ ვერსიებში.
- Java API-ები -Java-ზე პროგრამირებასთან დაკავშირებული API-ების კრებული.