ინსტალაციის სხვა მეთოდები

ვინდოუსის ინსტალაციის სტანდარტული მეთოდი საკმარისია სახლებსა თუ პატარა ოფისებში განთავსებული კომპიუტერებისთვის, მაგრამ სხვა შემთხვევებში ინსტალაციის ინდივიდუალური მეთოდი შეიძლება დაგვჭირდეს.

მაგალითად ავიღოთ IT-მხარდაჭერის დეპარტამენტი, სადაც ტექნიკოსებს ასეულობით ვინდოუსის დაინსტალირება უწევთ.  ამ შემთხვევაში ინსტალაციის სტანდარტული მეთოდი არ არის გამოსადეგი.

სტანდარტული ინსტალაცია ხორციელდება საინსტალაციო მოწყობილობიდან (DVD ან USB-დისკიდან) და ინტერაქტიული პროცესია. ინსტალატორი მომხმარებელს არჩევინებს ისეთ პარამეტრებს, როგორიც არის დროის სარტყელი ან სისტემის ენა.

ინსტალაციის ინდივიდუალური მეთოდის გამოყენების შემთხვევაში იზოგება დრო და მოზრდილ ორგანიზაციაში განთავსებულ ყველა კომპიუტერზე ერთი და იგივე პარამეტრები ყენდება.  ვინდოუსის მრავალ კომპიუტერზე ინსტალაციის პოპულარული მეთოდია, როდესაც ინსტალაცია ჯერ ერთ კომპიუტერზე კეთდება, ხოლო შემდეგ ეს კომპიუტერი ათვლის წერტილად აიღება.  თავდაპირველი ინსტალაციის დასრულების შემდეგ იქმნება იმიჯი (ასლი).  ეს უკანასკნელი გახლავთ ფაილი, რომელიც შეიცავს დისკის განყოფილებიდან აღებულ მონაცემებს.

იმიჯის მომზადების შემდეგ ტექნიკოსი უფრო სწრაფად ახერხებს ვინდოუსის ინსტალაციას, ვინაიდან ორგანიზაციის ყველა კომპიუტერზე უბრალოდ იმიჯის ასლი გადადის და ინსტალირდება.  თუ ახალი ინსტალაციისას რაიმეს შეცვლაა საჭირო, იმიჯის დაინსტალირების შემდეგ ესეც შესაძლებელია.

სისტემის იმიჯის შექმნის პროცესი შემდეგი ნაბიჯებისგან შედგება:

ნაბიჯი 1. ვინდოუსი სრულად ინსტალირდება კომპიუტერზე.  ეს კომპიუტერი სასურველია რაც შეიძლება მეტად გავდეს მომავალი ინსტალაციების სამიზნე კომპიუტერებს, რათა დრაივერების შეუთავსებლობა თავიდან ავირიდოთ.

ნაბიჯი 2. გამოვიყენოთ პროგრამული უზრუნველყოფა, როგორიც არის ImageXინსტალაციის იმიჯის(ასლის) შესაქმნელად.   სურათზე ნაჩვენებია ImageX -ისბრძანებათა სტრიქონი.

ნაბიჯი 3. მივიღებთ ერთ დიდ იმიჯის ფაილს, რომელიც გახლავთ ათვლის კომპიუტერზე დაინსტალირებული ოპერაციული სისტემის ასლი.

ვინდოუს ვისტასა და ძველ ვინდოუსებში სტანდარტული ინსტალაცია DVD-დისკზე შენახული ინდივიდუალური ფაილების საფუძველზე მიმდინარეობდა.  დღესდღეობით, როდესაც ვინდოუს 7-სა და 8.x-ს ვაინსტალირებთ, პროცესი მიმდინარეობს იმიჯ-ფაილის საფუძველზე, კერძოდ საინსტალაციო DVD-დისკიდან install.wim იმიჯი გადადის მყარ დისკზე.

ვინდოუსისთვის არსებობს ინდივიდუალური ინსტალაციის რამდენიმე მეთოდი:

  • ქსელური ინსტალაცია – აქ იგულისხმება Preboot Execution Environment (PXE) ინსტალაცია, ჩაურეველი(ავტომატური) ინსტალაცია და დაშორებული ინსტალაცია.
  • იმიჯის დაინსტალირება შიდა განყოფილებაზე
  • სხვა სახეობის ინდივიდუალური საინსტალაციო მეთოდები – აქ იგულისხმება Windows Advanced Startup Options (ვინდოუსში გაშვების გაფართოებული პარამეტრები), Refresh your PC (პერსონალური კომპიუტერის განახლება)(მხოლოდ ვინდოუს 8.x-ისთვის), System Restore(სისტემის აღდგენა), Upgrade (განახლება), Repair installation (ინსტალაციის აღდგენა), Remote network installation (დაშორებული ქსელური ინსტალაცია), Recovery partition (განყოფილების აღდგენა) და Refresh/Restore (განახლება/აღდგენა).