ვინდოუსის ჩატვირთვის პროცესი

ვინდოუსის ჩატვირთვის პროცედურის ცოდნა ტექნიკოსს პრობლემების დადგენაში დაეხმარება.
ვინდოუსის ჩატვირთვის პროცესი
ჩატვირთვის პროცესის დასაწყებად, ჩართეთ კომპიუტერი. ეს გახლავთ ე.წ. „ცივი“ ჩატვირთვა. კომპიუტერი ჩართვისთანავე გადის Powerer On Self-Test (POST, თვითტესტირება კვების ჩართვისას) პროცედურას. ვინაიდან ამ ეტაპზე ვიდეოადაპტერი ინიციალიზებული არ არის, ჩატვირთვის პროცესში აღმოჩენილი შეცდომების შეტყობინება ხდება ხმოვანი სიგნალების ანუ „ბიპ-კოდების“(beep codes, ხმოვანი სიგნალები) მეშვეობით.
POST-ის შემდეგ BIOS-ი ეძებს და ტვირთავს CMOS-მეხსიერებაში შენახულ კონფიგურაციის პარამეტრებს. როგორც სურათიდან ჩანს, ჩამტვირთავი მოწყობილობების პრიორიტეტულობა განაპირობებს თანმიმდევრობას, რომლითაც მოწყობილობები მოწმდება ჩამტვირთავი განყოფილების არსებობაზე. ჩამტვირთავი მოწყობილობების პრიორიტეტი BIOS-დან განისაზღვრება და თანმიმდევრობა შეიძლება ნებისმიერი იყოს. BIOS-ი კომპიუტერის ჩასატვირთად იყენებს პირველივე დისკს, რომელსაც გამართულ ჩამტვირთავ სექტორს მოუძებნის.
დედაპლატის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ჩატვირთვის თანმიმდევრობაში შესაძლებელია არჩეულ იქნას მყარი დისკი, ქსელური დისკი, USB-დამგროვებლები და მოხსნადი (removable) დისკები. ზოგიერთ BIOS-ს გააჩნია ჩამტვირთავი მოწყობილობების პრიორიტეტის განსაზღვრის დამატებითი მენიუ, რომლის გამოჩენისთვის აუცილებელია სპეციალურ კლავიშზე დაჭერა კომპიუტერის ჩატვირთვისას. ამ მენიუდან შეგიძლიათ აირჩიოთ მოწყობილობა, საიდანაც კომპიუტერი ჩაიტვირთება.
ვინდოუსის ჩამტვირთავი (Windows Boot Loader) და ვინდოუსის ჩატვირთვის მენეჯერი (Windows Boot Manager)
ჩამტვირთავ სექტორში შენახული კოდის შესრულების შემდეგ ჩატვირთვის პროცესს მართავს ვინდოუსის ჩატვირთვის მენეჯერი (BOOTMGR, Windows Boot Manager). უფრო კონკრეტულად, BOOTMGR მუშაობს შემდეგი თანმიმდევრობით:
1. WinLoad (WINLOAD.EXE) პროგრამა იყენებს BOOTMGR-ით განსაზღვრულ მისამართს და ასე პოულობს ჩამტვირთავ განყოფილებას.
2. WinLoad ტვირთავს ვინდოუსის ბირთვად წოდებულ ორ ფაილს: NTOSKRNL.EXE და HAL.DLL
3. WinLoad კითხულობს რეგისტრის ფაილებს, ირჩევს აპარატურულ პროფილს და ტვირთავს მოწყობილობების დრაივერებს.
ვინდოუსის კერნელი (ბირთვი)
ამის შემდეგ პროცესს მართავს ვინდოუსის კერნელი. კერნელის ფაილის სახელწოდებაა NTOSKRNL.EXE. ის უშვებს ვინდოუსში შესვლის ფაილს, სახელად WINLOGON.EXE და გამოაქვს ვინდოუსის მისალმების ფანჯარა.