დირექტორიების სტრუქტურა

ვინდოუსში ფაილები ორგანიზებულია დირექტორიების სახით. დირექტორიების სტრუქტურა შექმნილია სისტემური, სამომხმარებლო და პროგრამული ფაილების შესანახად. ვინდოუსის დირექტორიების სტრუქტურის საბაზისო დონეა განყოფილება, რომელიც როგორც პირველ სურათზეა ნაჩვენები, C: დისკად იწოდება. C დისკზე ინახება სტანდარტული დირექტორიები ანუ საქაღალდეები ოპერაციული სისტემისთვის, პროგრამებისთვის, საკონფიგურაციო ინფორმაციისა და მონაცემთა ფაილებისთვის. დირექტორიები შეიძლება შეიცავდეს ქვედირექტორიებს. ქვედირექტორიებს ხშირად უწოდებენ ქვესაქაღალდეებს.
თუ ვინდოუსი ვერ ცნობს ახალი დისკის ფაილურ სისტემას, მაშინ აუცილებელი იქნება დისკის ინიციალიზაცია და ხელახლა დაფორმატება. დისკის ინიციალიზაციის პროცესში ფაილების ადგილმდებარეობის შესახებ არსებული ინფორმაცია იშლება. თუ დისკზე შენახული ინფორმაციის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, ოპერაციული სისტემა ცარიელ დისკს ხედავს. ფორმატირების პროცესში დისკზე შენახულ მონაცემებზე ახალი მონაცემები გადაიწერება და ძველი მონაცემები ხელმისაწვდომი აღარ არის. გარდა ამისა, ფორმატირების პროცესში ხელახლა იქმნება დაზიანებული სექტორების რუკა და ფაილური სისტემის სტრუქტურა ოპერაციული სისტემისთვის.
ოპერაციული სისტემის დაინსტალირების შემდეგ პროგრამების უმეტესობა და მონაცემები ნებისმიერ საქაღალდეში შეგიძლიათ ჩაწეროთ. ვინდოუსის საინსტალაციო პროგრამა თავადაც ქმნის განსაკუთრებული დანიშნულების საქაღალდეებს, მაგალითად, ფოტოსურათების ან მუსიკალური ფაილების შესანახად. როდესაც გარკვეული სახეობის ფაილებს გარკვეულ ადგილზე ინახავთ, მათი მოძებნა მარტივდება.
შენიშვნა: დისკის ინიციალიზაცია მონაცემებს ანადგურებს, თუმცა არსებობენ კომპანიები და ორგანიზაციები, რომლებიც ხელახლა ინიციალიზებული დისკებიდანაც ახერხებენ მონაცემების აღდგენას.
შენიშვნა– რეკომენდირებულია ფაილების საქაღალდეებსა და ქვესაქაღალდეებში შენახვა, დისკის ფუძე კატალოგის ნაცვლად.
ტომის მიერთება (Mounting a Volume)
დისკი შესაძლებელია ტომის (volume) ცარიელ საქაღალდეს მიებას. ამ შემთხვევაში ამბობენ, რომ დისკი „აღიმართა“ (mounted, დაკავშირებულ იქნა). მიერთებულ ტომებს სიმბოლოების ნაცვლად მისამართი ენიჭება და ვინდოუს ექპლორერში დისკის პიქტოგრამის სახით მოჩანს. ვინდოუს ექპლორერის მეშვეობით მომხმარებელი ორგანიზებულად ათვალიერებს კომპიუტერის დისკებს, საქაღალდეებსა და ფაილებს. ტომის მიერთება შეიძლება დაგჭირდეთ, როდესაც 26-ზე მეტ დისკს იყენებთ ან დამატებითი მეხსიერება გჭირდებათ ტომზე.
ვინდოუს 8.x-ში ტომის მიერთების ნაბიჯები:
ნაბიჯი 1. გახსენით დისკების მართვის (Disk Management) უტილიტა და დააჭირეთ მაუსის მარჯვენა კლავიშს ეკრანის ნებისმიერ თავისუფალ ადგილზე.
ნაბიჯი 2. აირჩიეთ New Simple Volume (ახალი მარტივი ტომი) როგორც მე-2 სურათზეა ნაჩვენები, გაეშვება New Simple Volume Wizard (ახალი მარტივი ტომის შექმნის ოსტატი).
ნაბიჯი 3. აირჩიეთ ახალი განყოფილების მოცულობა.
ნაბიჯი 4. დააჭირეთ NEXT (შემდეგ).
ნაბიჯი 5. აირჩიეთ Mount in the following empty NTFS folder (მიერთება ცარიელ NTFS საქაღალდესთან): და მიუთითეთ ცარიელი საქაღალდის ადგილმდებარეობა.
ნაბიჯი 6. მიუთითეთ, დაფორმატდეს თუ არა ტომი და რომელი ფაილური სისტემით.
ნაბიჯი 7. დაასრულეთ პროცედურა და დახურეთ დისკების მართვის (Disk Management) უტილიტა.
ვინდოუს 7-სა და ვისტაში ტომის მიერთების ნაბიჯები:
ნაბიჯი 1. აირჩიეთ Start (დაწყება) > Control Panel (მართვის პანელი)> Administrative Tools (ადმინისტრატიული ხელსაწყოები) > Computer Management (კომპიუტერის მართვა).
ნაბიჯი 2. დააჭირეთ Disk Management (დისკების მართვა) მარცხენა პანელში.
ნაბიჯი 3. გახსენით მისაერთებელი განყოფილების ან ტომის კონტექსტური მენიუ.
ნაბიჯი 4. დააჭირეთ Change Drive Letter and Paths.
ნაბიჯი 5. დააჭირეთ Add (დამატება).
ნაბიჯი 6. დააჭირეთ Mount in the following empty NTFS folder (მიერთება ცარიელ NTFS საქაღალდესთან).
ნაბიჯი 7. გახსენით NTFS ტომის ცარიელი საქაღალდე ან შექმენით ახალი და დააჭირეთOK (კარგი).
ნაბიჯი 8. დახურეთ Computer Management (კომპიუტერის მართვა).