ლაზერული ბეჭდვის პროცესი

ლაზერული ბეჭდვის პროცესი მოიცავს შვიდ ნაბიჯს ინფორმაციის ერთ ფურცელზე დასაბეჭდად.
1. მონაცემთა დამუშავება (Processing)– მონაცემები მონაცემთა წყაროდან უნდა გარდაიქმნან დასაბეჭდად ვარგის ფორმად. პრინტერი გარდაქმნის მონაცემებს ისეთ სტანდარტულ ენებზე, როგორიცაა Adobe PostScript (PS) და HP ენა (PCL), რათა რასტრული გამოსახულება შეინახოს პრინტერის მეხსიერებაში. ზოგიერთ ლაზერულ პრინტერს აქვს ინტეგრირებული გრაფიკული ინტერფეისის (GDI) მხარდაჭერა. GDI გამოიყენება ვინდოუსის აპლიკაციების მიერ, რათა გამოიყვანონ დასაბეჭდი ინფორმაცია მონიტორზე და თავიდან აიცილონ მისი გარდაქმნა ისეთ ფორმატებში, როგორიცაა PostScript და PCL.
2. დამუხტვა (Charging) – დოლურაზე არსებული იმიჯი იშლება და დოლურა ემზადება ახალი დაუმუშავებელი გამოსახულების მისაღებად. მავთული, ბადე ან ლილვაკი ექცევა 600 ვოლტის მუდმივი ძაბვის ზემოქმედების ქვეშ, რომელიც თანაბრადაა განაწილებული დოლურას ზედაპირის გასწვრივ. დამუხტულ მავთულს ან ბადეს ეწოდება პირველადი კორონა. ლილვაკს ეწოდება კონდიცირების ლილვაკი.
3. ექსპონირება (Exposing)– გამოსახულების ჩასაწერად ხდება ფოტომგრძნობიარე დოლურას დასხივება ლაზერული სხივით. დოლურას ზედაპირის თითოეული ფრაგმენტის პოტენციალი, რომელიც სკანირდება ლაზერის სხივით, მცირდება -100 ვოლტ მუდმივ ძაბვის მნიშვნელობამდე. ამ ფრაგმენტებს აქვთ შედარებით დაბალი ნეგატიური ელექტრული მუხტი დოლურას სხვა ნაწილებთან შედარებით. დოლურას ტრიალის დროს მასზე იქმნება უხილავი ფარული გამოსახულება.
4. გამჟღავნება (Developing) -დოლურაზე შექმნილ ფარულ გამოსახულებაზე ეფინება ტონერი. ტონერი არის უარყოფითად დამუხტული პლასტმასის და მეტალის ნაწილაკების კომბინაცია. რეგულირებადი ფირფიტის საშუალებით ტონერი დოლურადან მიკროსკოპულ დაშორებაზე იმყოფება. შემდეგ ტონერი რეგულირებადი ფირფიტიდან გადადის დოლურაზე არსებულ ფარულ გამოსახულებაზე, რომელსაც გააჩნია შედარებით დიდი დადებითი მუხტი.
5. გადაგზავნა (Transferring) – ტონერის მიერ შექმნილი ფარული გამოსახულება გადაიგზავნება ქაღალდზე. კორონასს მავთული მუხტავს ქაღალდს დადებითი მუხტით. იმის გამო, რომ დოლურა უარყოფითადაა დამუხტული, ტონერი დოლურადან მიიზიდება ქაღალდზე. გამოსახულება ახლა უკვე ქაღალდზეა და რჩება ადგილზე დადებითი მუხტის გამო. იმის გამო, რომ ფერად პრინტერებს გააჩნიათ სამი კარტრიჯი, ფერადი გამოსახულება იქმნება მათი მრავალჯერადი ტრანსფერით. იმისათვის, რომ მოხდეს ზუსტი გამოსახულების გადატანა ქაღალდზე, ზოგი ფერადი პრინტერი ახდენს მის მრავალჯერად ჩაწერას ტრანსფერის ღვედზე, რომელიც ახდენს დასრულებული გამოსახულების გაგზავნას ქაღალდზე.
6. შერწყმა (Fusing) – ტონერი მუდმივად ერწყმის ქაღალდს. საბეჭდი ქაღალდი გადის გაცხელებულ ლილვაკსა და მწნეხავ ლილვაკს შორის. როდესაც ქაღალდი იწყებს მოძრაობას ამ ლილვაკებს შორის, ტონერი დნება და გადადის მის ბოჭკოებზე. ქაღალდი გადაინაცვლებს პრინტერის ამოსაბეჭდ ბუდეში, როგორც დაბეჭდილი გვერდი. ლაზერულ პრინტერებს დუპლექსის მოწყობილობით შეუძლიათ ამობეჭდონ გამოსახულება ფურცლის ორივე მხარეს.
7. გაწმენდა (Cleaning) – როდესაც სურათი უკვე გადაგზავნილია ქაღალდზე და დოლურა გამოეყოფა ქაღალდს, დარჩენილი ტონერი უნდა მოცილდეს დოლურას. პრინტერს შეიძლება ჰქონდეს სპეციალური ფრთა, რომელიც ჩამოფხეკს დარჩენილ ტონერს დოლურადან. ზოგიერთი პრინტერი გამოიყენებს ცვლადი დენის მავთულებს, რომლებიც აცლიან მუხტს დოლურას ზედაპირს, რის შედეგადაც ტონერის ნარჩენები სცილდება მას. ჭარბი ტონერი იყრება სპეციალურ ტონერის კონტეინერში, რომელიც შემდეგ იცლება ან ნადგურდება.