პრინტერის შეერთებათა სახეები

პრინტერს უნდა ჰქონდეს კომპიუტერთან თავსებადი ინტერფეისი ბეჭდვითი პროცესის განსახორციელებლად. როგორც წესი, პრინტერები უკავშირდებიან კომპიუტერს პარალელური პორტით, USB პორტით ან უსადენო ინტერფეისით. თუმცა პრინტერები ასევე უკავშირდებიან კომპიუტერულ ქსელებს ქსელური ადაპტერის ან უსადენო ინტერფეისის მეშვეობით.

მიმდევრობითი (Serial)

მონაცემთა მიმდევრობითი გადაცემა წარმოადგენს ერთ ციკლში ერთი ბიტის გადაცემით განხორციელებულ ნაკადს. მიმდევრობით კავშირებს შეიძლება იყენებდეს მატრიცული პრინტერი, რადგან ის არ საჭიროებს მაღალი სიჩქარით მონაცემთა გადაცემას. მიმდევრობითი შეერთება ხშირად ხდება  COM პორტის საშუალებით.

პარალელური (Parallel)

პარალელური მონაცემთა გადაცემა უფრო სწრაფია, ვიდრე მიმდევრობითი. პარალელური მონაცემთა გადაცემისას ერთი ციკლის განმავლობაში გადაეცემა ერთდროულად რამდენიმე ბიტი. მონაცემთა გადაცემის გზა არის უფრო ფართო, ვიდრე მიმდევრობითი მონაცემთა გადაცემისას, რაც საშუალებას გვაძლევს მონაცემები გადავცეთ უფრო სწრაფად პრინტერზე.

IEEE 1284 არის სტანდარტი პარალელური პრინტერის პორტებისათვის. გაძლიერებული პარალელური პორტი (EPP) და გაძლიერებული შესაძლებლობების პორტი (ECP) არის ორი რეჟიმი IEEE 1284 სტანდარტის ფარგლებში, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დავამყაროთ ორმხრივი კომუნიკაცია. პარალელური შეერთება ხშირად ხდება   LPT პორტის საშუალებით.

USB (უნივერსალური სერიული სალტე)

USB არის ფართოდ გავრცელებული ინტერფეისი პრინტერებისა და სხვა მოწყობილობებისათვის. როდესაც USB მოწყობილობა ემატება კომპიუტერულ სისტემას, რომელსაც აქვს plug-and-play მხარდაჭერა, ის ავტომატურად ინსტალირდება სისტემაში.

FireWire

FireWire, ასევე ცნობილი როგორც i.LINK ან IEEE 1394, არის მაღალი სიჩქარის კომუნიკაციის სალტე, რომელიც ითვლება დამოუკიდებელ პლატფორმად . FireWire აკავშირებს კომპიუტერთან ისეთ ციფრულ მოწყობილობებს, როგორიცაა ციფრული პრინტერები, სკანერები, ციფრული კამერები, და მყარი დისკები.

ეთერნეტი (Ethernet)

პრინტერის ქსელში შესაერთებლად საჭიროა ისეთი კაბელი, რომელსაც გააჩნია როგორც ქსელთან, ასევე  პრინტერის ქსელურ პორტთან შეერთების საშუალება. უმრავლეს ქსელურ პრინტერებს გააჩნიათ RJ-45 პორტი ქსელურ რესურსებთან წვდომისათვის.

უსადენო (Wireless)

ბევრ საშინაო გამოყენების პრინტერს გააჩნია უსადენო ანტენა და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც აკავშირებს პრინტერს მცირე ზომის საოჯახო ან საოფისე ქსელთან.