პროგრამების, ფაილებისა და საქაღალდეების თვისებები

პროგრამის, ფაილის ან საქაღალდის თვისებების შესაცვლელად გახსენით პიქტოგრამის კონტექსტური მენიუ და აირჩიეთ Properties (თვისებები).
პროგრამებისა და ფაილების თვისებები
როგორც პირველ სურათზე ჩანს, ფაილის ან პროგრამის თვისებების ფანჯარა შემდეგ ჩანართებს შეიცავს:
- General (ზოგადი) – აჩვენებს საბაზისო ინფორმაციას, მაგალითად, ადგილმდებარეობას და ატრიბუტებს.
- Security (უსაფრთხოება) – აქედან შეიძლება შეიცვალოს ფაილთან წვდომის ნებართვები მომხმარებლების ანგარიშებისა და სისტემისთვის.
- Details (დეტალები) – აჩვენებს საბაზისო ინფორმაციას ფაილის შესახებ, მათ შორის ატრიბუტებსაც.
- Compatibility (თავსებადობა) – აქედან მიეთიეთება ფაილის თავსებადობის რეჟიმისა და მუშაობის პარამეტრები. ვინდოუს 7-ში თავსებადობის რეჟიმი მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაუშვას ოპერაციული სისტემის ადრეული ვერსიებისთვის შექმნილი პროგრამები. ვინდოუს ვისტაში თავსებადობის რეჟიმის პარამეტრები შეზღუდულია.
საქაღალდის თვისებები (Folder Properties)
როგორც მე-2 სურათზე ჩანს, ინდივიდუალური საქაღალდის თვისებების ფანჯარა შემდეგ ჩანართებს შეიცავს:
- General (ზოგადი) – აჩვენებს საბაზისო ინფორმაციას, მაგალითად, ადგილმდებარეობას და ზომას. აქედან შესაძლებელია ატრიბუტების შეცვლა. მაგალითად, საქაღალდე შეიძლება გახდეს მხოლოდ წაკითხვადი ან დაიმალოს.
- Sharing (გაზიარება) – წარმოაჩენს საქაღალდის გაზიარების პარამეტრებს. მომხმარებელს საქაღალდის გაზიარება იმავე ქსელში ჩართულ კომპიუტერებთან შეუძლია. გარდა ამისა, კონფიგურირდება პაროლით დაცვის პარამეტრები.
- Security (უსაფრთხოება) – აჩვენებს უსაფრთხოების საბაზისო და გაფართოებულ პარამეტრებს.
- Customize (მორგება) – აჩვენებს საქაღალდის გარე ხედის მორგების(ცვლილების) პარამეტრებს. გარდა ამისა, საქაღალდე შეიძლება ოპტიმიზირდეს კონკრეტული სახეობის ფაილებისთვის, როგორიც არის მუსიკალური ან ფოტოფაილები.