დისკებისთვის სიმბოლოების მინიჭება

ვინდოუსში ფიზიკური ან ლოგიკური განყოფილებების დასათაურებისთვის გამოიყენება სიმბოლოები.  ამ პროცესს განყოფილებების რუკის შედგენა ანუ განყოფილებებისთვის სიმბოლოების მინიჭება ეწოდება.  ვინდოუსიან კომპიუტერში შეიძლება 26-მდე ფიზიკური და ლოგიკური განყოფილება არსებობდეს, ვინაიდან ინგლისურ ალფავიტში 26 ასოა.  C დისკი დარეზერვებულია პირველადი, აქტიური განყოფილებისთვის.  ვინდოუს ვისტასა და 7-ში A და B სიმბოლოები შეგიძლიათ მიანიჭოთ განყოფილებებს, თუ არ იყენებთ ფლოპი-დისკებს. როდესაც სისტემას დამატებითი შემნახველი მოწყობილობა ემატება, ვინდოუსი ავტომატურად ანიჭებს მას მომდევნო თავისუფალ სიმბოლოს.  აქედან გამომდინარე, ოპტიკური დისკები, ისევე როგორც დამატებითი შიდა ან გარე შემნახველი მოწყობილობები ტრადიციულად სათაურდება D, E, F და ა.შ. სიმბოლოებით.  დამატებითი დისკების მაქსიმალური რაოდენობა დამოკიდებულია კონკრეტული კომპიუტერის აპარატურულ უზრუნველყოფაზე.

განყოფილებების სიმბოლოები და მისამართები შეცვლადი, დამატებადი და წაშლადია.  ვინდოუსი ავტომატურად ანიჭებს სიმბოლოს განყოფილებას ან დისკს მისი შექმნის ან დამატების შემდეგ.  მოგვიანებით ეს სიმბოლო შეიძლება შეიცვალოს სხვით, თუ ის არ არის დაკავებული.

დისკების მართვის უტილიდან დისკის სიმბოლოს შესაცვლელად გახსენით დისკის კონტექსტური მენიუ და აირჩიეთ Change Drive Letter and Paths (დისკის სიმბოლოს და მისამართის შეცვლა).

დისკების დამატება

კომპიუტერის მეხსიერების გაზრდის ან დამოუკიდებელი დისკების მასივის (RAID-ის) აწყობის მიზნით შესაძლებელია დისკების დამატება.  თუ დამატებითი მყარი დისკი სწორად დამონტაჟდა, BIOS-ი ავტომატურად ამოიცნობს მას.  დისკის დამონტაჟების შემდეგ დისკების მართვის უტილიტით შეგიძლიათ გადაამოწმოთ, დაინახა თუ არა ის კომპიუტერმა.  თუ დისკი ჩანს, მის გამოყენებამდე სავარაუდოდ აუცილებელი იქნება დაფორმატება.  თუ დისკი არ ჩანს, მაშინ პრობლემის დადგენაა აუცილებელი.

მასივების შექმნა

დამოუკიდებელი დისკების მასივის (RAID-ის) აწყობას ორი ან მეტი დისკის დამონტაჟება სჭირდება.  მასივების კონფიგურირება ასევე დისკების მართვის (Disk Management) უტილიტით ხდება. გვავქს შემდეგი ვარიანტები:

  • New Spanned Volume (ახალი Spanned-ტიპის განყოფილება) – შექმნილი განყოფილება მოიცავს სივრცეს ერთზე მეტი ფიზიკური დისკიდან.  ამ ტიპის განყოფილებაში შენახული მონაცემები არ არის დაცული მტყუნებისგან.
  • New Striped Volume (ახალი Striped-ტიპის განყოფილება) – შექმნილ დინამიურ განყოფილებაში შენახული მონაცემები ფრაგმენტებად გადანაწილებულია ერთზე მეტ ფიზიკურ დისკზე.  ასევე RAID 0-დ წოდებული განყოფილება აჩქარებს ჩაწერა/ამოკითხვის პროცესს.  მონაცემები რამდენიმე ფიზიკურ დისკზე ნაწილდება და ფრაგმენტებთან წვდომა ერთდროულად ხდება.  ვინაიდან ამ ტიპის განყოფილებაში შენახული მონაცემები არ არის დაცული მტყუნებისგან, არ არის რეკომენდირებული მნიშვნელოვანი მონაცემების შენახვა.
  • New Mirrored Volume (ახალი Mirrored-ტიპის განყოფილება) – საჭიროებს ორ ფიზიკურ დისკს.  ასევე RAID 1-ად წოდებული ტექნოლოგიის შემთხვევაში, ერთ განყოფილებაში შენახული მონაცემები ერთდროულად რამდენიმე ფიზიკურ დისკზე იწერება.  აქედან გამომდინარე, ამ ტიპის განყოფილებაში შენახული მონაცემები დაცულია მტყუნებისგან.
  • New RAID-5 Volume (ახალი RAID 5-ტიპის განყოფილება) – RAID 5 დინამიური განყოფილებაა, როდესაც მონაცემები ფრაგმენტულად იწერება ერთზე მეტ ფიზიკურ დისკზე. გარდა ამისა, ინახება მონაცემების თითოეული ფრაგმენტის აღდგენისთვის საჭირო ინფორმაცია.  ამ უკანასკნელს პარიტეტის (Parity) მონაცემს უწოდებენ და ის დაზიანებული დისკიდან ინფორმაციის აღსადგენად გამოიყენება.  პარიტეტის მონაცემის წყალობით RAID 5-ტიპის განყოფილებაში შენახული ინფორმაცია დაცულია მტყუნებისგან.

დისკების მართვის უტილიტაში მასივის შესაქმნელად გახსენით სასურველი დისკის კონტექსტური მენიუ და აირჩიეთ განყოფილების ტიპი.

დისკების მართვის უტილით გათვალისწინებული ვარიანტების გარდა არსებობს RAID-ის კიდევ ერთი პოპულარული სახეობა, რომელსაც RAID 10-ს ან RAID 1+0-ს უწოდებენ.  RAID 10 განყოფილება ტექნოლოგიურად RAID 0-ის და RAID 1-ის ნაზავია.  ინფორმაცია კვლავ ფრაგმენტებად იწერება რამდენიმე ფიზიკურ დისკზე, თუმცა ამ ინფორმაციის ასლები სხვა დისკებზეც იწერება.  RAID 10 ერთდროულად სწრაფი და მტყუნებამედეგი ტექნოლოგიაა.

შენიშვნა: მასივის ნაირსახეობები სისტემურ შეზღუდვებზეა დამოკიდებული.  შესაძლოა ყველა ნაირსახეობა არ იყოს ხელმისაწვდომი.