შემნახველი მოწყობილობების სახეობები

როგორც ტექნიკოსს, თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ ოპერაციული სისტემის ახლიდან ინსტალაცია (clean installation). ახალი (სუფთა) ინსტალაცია საჭიროა შემდეგ ვითარებაში:

  • კომპიუტერი გადაეცემა ერთი თანამშრომლისგან მეორეს
  • ოპერაციული სისტემა დაზიანებულია
  • კომპიუტერში იცვლება ძირითადი(პირველადი, primary) დისკური მოწყობილობა

ოპერაციული სისტემის ინსტალაციას და პირველად ჩატვირთვას ოპერაციული სისტემის გამართვას(დაყენება, setup) უწოდებენ. ოპერაციული სისტემა შეიძლება დაინსტალირდეს ქსელური სერვერიდან ან ლოკალური დისკური მოწყობილობიდან, თუმცა სახლის პირობებში და მცირე ბიზნესში ყველაზე გავრცელებულია გარე მოწყობილობების გამოყენება, როგორიც არის CD, DVD ან USB-დამგროვებელი. გარე მოწყობილობიდან ოპერაციული სისტემის ინსტალაციისთვის, აუცილებელია BIOS-ის კონფიგურირება, რათა სისტემა ამ მოწყობილობიდან ჩაიტვირთოს. თანამედროვე BIOS-ების უმრავლესობას უნდა ჰქონდეს CD, DVD  ან USB-დან ჩატვირთვის მხარდაჭერა.

შენიშვნათუ ოპერაციულ სისტემას არ აქვს კონკრეტული მოწყობილობის მხარდაჭერა, შესაძლებელია საჭირო გახდეს მესამე მხარის (გარე მომწოდებლების) დრაივერების დაინსტალირება.

ოპერაციული სისტემის დაინსტალირებამდე აუცილებელია შემნახველი მოწყობილობის არჩევა და მომზადება. ახალი ოპერაციული სისტემა შეიძლება დაინსტალირდეს რამდენიმე სახეობის შემნახველ მოწყობილობაზე. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია მყარი დისკური მოწყობილობა და ფლეშ-მეხსიერებაზე დაფუძნებული მოწყობილობა.

მყარი დისკები (Hard Disk Drives)

მყარი დისკური მოწყობილობა (HDD) მოძველებულ ტექნოლოგიად ითვლება, მაგრამ ის კვლავ გამოიყენება თანამედროვე კომპიუტერებში მონაცემების შენახვისა და ამოღებისთვის. HDD შედგება რამდენიმე მაგნიტური, მბრუნავი და ხისტი ფოლადის დისკისგან, ხოლო მაგნიტური თავაკები დამაგრებულია მოძრავ მხარზე. მბრუნავი დისკებიდან მონაცემების ამოკითხვასა და ჩაწერას უზრუნველყოფს მაგნიტური თავაკი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ პირველი და მეორე სურათების კომპონენტებს.

ფლეშ-მეხსიერებაზე დაფუძნებული მოწყობილობები

ფლეშ-მეხსიერება გახლავთ ენრგოდამოუკიდებელი შემნახველი მოწყობილობა, რომელზეც შესაძლებელია მონაცემების ელექტრულად წაშლა და ხელახლა ჩაწერა. მან გასულ ათწლეულში მოიპოვა პოპულარობა, ვინაიდან ფლეშ-ტექნოლოგია დაიხვეწა და უფრო საიმედო გახდა. ფლეშ-მეხსიერების სხვადასხვა სახეობები სხვადასხვა ფორმით გამოიყენება:

  • USB ფლეშ-დისკები USB ფლეშ-დისკები კარგი არჩევანია ოპერაციული სისტემების საინსტალაციო პაკეტების შესანახად. ისინი იაფია, მუშაობს სწრაფად და საიმედოდ. USB ფლეშ-დისკი შედგება ფლეშ-მეხსიერებისა და მცირე მაკონტროლებელი სქემისგან, რომელიც მონაცემების გადაცემას მართავს. ის ყველაზე ხშირად გამოიყენება ოპერაციული სისტემის საინსტალაციო იმიჯების შესანახად, თუმცა თუ მოცულობა საკმარისია, შეგვიძლია სრული საინსტალაციო პაკეტიც შევინახოთ.
  • მყარსხეულიანი დამხსომებელი მოწყობილობა (Solid State Drive, SSD) -ფლეშ-მეხსიერების პოპულარული ნაირსახეობაა SSD.  ის მყარი დისკის ალტერნატივაა და იყენებს ფლეშ-მეხსიერების მაღალი წარმადობის ტექნოლოგიას მონაცემების სწრაფად გადაცემისთვის (HDD-ის მოძრავი კომპონენტების გარეშე). SSD მეტად სწრაფია და ნაკლებად ახასიათებს ფიზიკური პრობლემები. გარდა ამისა, ფლეშ-მეხსიერების მაღალი წარმადობიდან გამომდინარე, SSD უფრო ეფექტურად მუშაობს, ვიდრე USB ფლეშ-დისკი და შესანიშნავი არჩევანია ოპერაციული სისტემის განსათავსებლად.
  • მყარსხეულიანი ჰიბრიდული დამხსომებელი მოწყობილობა (Solid State Hybrid Disks, SSHD) SSHD გახლავთ პოპულარული და SSD-ზე იაფი მოწყობილობა, რომელიც თავის თავში აერთიანებს SSD-ის სიჩქარეს და HDD-ის სიიაფეს, ითავსებს რა ორივე ტექნოლოგიას. SSHD-ის შემთხვევაში მონაცემები ინახება HDD-ზე, მაგრამ ხშირად გამოყენებული მონაცემები ქეშირდება მცირე მოცულობის ფლეშ-მეხსიერებაში. ამ შემთხვევაში ოპერაციული სისტემა ხშირად გამოყენებულ მონაცემებს მიმართავს SSD-ის სიჩქარით, ხოლო დანარჩენი მონაცემები გადაიცემა HDD-ის სიჩქარეზე, SSHD მშვენიერი არჩევანია ოპერაციული სისტემების შესანახად.
  • ინტეგრირებული მულტიმედიური ბარათი (Embedded MultiMediaCard, eMMC) – SSD-ზე ნელი და იაფი eMMC უაღრესად პოპულარულია მობილურ ტელეფონებში, PDA-ებსა და ციფრულ კამერებში.

როგორი გამოყენებაც არ უნდა ჰქონდეს, ფლეშ-მეხსიერებაზე დაფუძნებული მოწყობილობები შეგვიძლია გამოვიყენოთ ოპერაციული სისტემების სრული საინსტალაციო პაკეტების შესანახად. ამგვარ მოწყობილობებს განსხვავებული წარმადობა აქვს, თუმცა უაღრესად მოქნილია, როდესაც თანამედროვე კომპიუტერის აპარატურულ უზრუნველყოფას ვარჩევთ.

კომპიუტერებს შიგნით კავშირები რეგულირდება რამოდენიმე განსხვავებული სტანდარტით.  “ცხელი შეცვლის“(Hot swapping) მეთოდი გამოიყენება სერვერებში და საშუალებას იძლევა მყარი დისკები თუ სხვა მოწყობილობები დავაკავშიროთ ან გამოვაერთოთ კომპიუტერის გამორთვის გარეშე.  ამ მეთოდს აუცილებელია მხარს უჭერდეს კომპიუტერის აპარატურული უზრუნველყოფა და ოპერაციული სისტემა, თუმცა ის უაღრესად სასარგებლოა სერვერებში, ვინაიდან იძლევა საშუალებას მომსახურების შეწყვეტის გარეშე შეიცვალოს კომპიუტერის ნაწილი.

შემნახველი მოწყობილობის არჩევის შემდეგ აუცილებელია მისი მომზადება ახალი ოპერაციული სისტემის ჩასაწერად. თანამედროვე ოპერაციულ სისტემებს მოყვება საინსტალაციო პროგრამა.  ის, როგორც წესი, ამზადებს დისკს ოპერაციული სისტემის ჩასაწერად, მაგრამ ტექნიკოსმა აუცილებელია იცოდეს მომზადების პროცესში გამოყენებული ტერმინები და მეთოდები.