სამაგიდო (Desktop) ოპერაციული სისტემები

ტექნიკოსს შესაძლოა დასჭირდეს, მომხმარებლისთვის ოპერაციული სისტემის შერჩევა და დაინსტალირება. არსებობს ოპერაციული სისტემის ორი ძირითადი ნაირსახეობა: სამაგიდო და ქსელური. სამაგიდო ოპერაციული სისტემა გამოიყენება პატარა ოფისებსა და სახლებში (SOHO გარემოში), სადაც მომხმარებლების რაოდენობა შეზღუდულია. ქსელური ოპერაციული სისტემა (NOS) განკუთვნილია კორპორაციული გარემოსთვის, სადაც მრავალ მომხმარებელს უაღრესად მრავალფეროვანი მოთხოვნილებები აქვს.
სამაგიდო ოპერაციული სისტემის ძირითადი მახასიათებლებია:
- ერთი მომხმარებლის მხარდაჭერა.
- ერთმომხმარებლიანი პროგრამების გაშვება.
- ფაილებისა და საქაღალდეების გაზიარება პატარა ქსელში, შეზღუდული უსაფრთხოების პარამეტრებით.
პროგრამული უზრუნველყოფის თანამედროვე ბაზარზე სამაგიდო ტიპის ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემებია მაიკროსოფტის ვინდოუსი, ეფლის Mac OS და ლინუქსი. ამ თავში აქცენტი კეთდება მაიკროსოფტის ოპერაციულ სისტემებზე:
- ვინდოუს 8.1 – ვინდოუს 8.1 გახლავთ ვინდოუს 8-ის განახლებული ვერსია. განახლება უზრუნველყოფს მომხმარებლების, რომლებიც იყენებენ მოწყობილობებს სენსორული ან მაუსის და კლავიატურის ინტერფეისით, ვინდოუს ოპერაციულ სისტემასთან კომფორტულ მუშაობას,
- ვინდოუს 8 – ვინდოუს 8-ში პირველად იქნა წარმოდგენილი სამომხმარებლო ინტერფეისი Metro, რომლის მეშვეობითაც ვინდოუსი ერთნაირად გამოიყურება და აღიქმება სამაგიდო კომპიუტერებზე, ლეპტოპებზე, მობილურ ტელეფონებსა და ტაბლეტებზე. მომხმარებელი ოპერაციულ სისტემასთან კავშირს ამყარებს სენსორული ეკრანის, კლავიატურის ან მაუსის მეშვეობით. კიდევ ერთი ვერსია, ვინდოუს 8 პრო (Windows 8 Pro), ორიენტირებულია ბიზნესზე და პროფესიონალ ტექნიკურ სპეციალისტებზე დამატებითი ფუნქციებით.
- ვინდოუს 7 – ვინდოუს 7 (Windows 7) გახლავთ ვინდოუს XP-ის ან ვისტას განახლებული ვერსია. ის შექმნილია პერსონალურ კომპიუტერებზე სამუშაოდ. აღნიშნულ ვერსიაში, წინა ვერსიებთან შედარებით, გაუმჯობესებულია გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისი და გაზრდილია წარმადობა.
- ვინდოუს ვისტა – ვინდოუს ვისტა (Windows Vista) გახლავთ პერსონალური კომპიუტერის ოპერაციული სისტემა. წარმოადგენს რა ვინდოუს XP-ის მემკვიდრეს, მასში გაუმჯობესებულია უსაფრთხოება და წარმოდგენილია სამომხმარებლო ინტერფეისი Windows Aero.